სიახლეები

ფარდა ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაწილია. ოთახს, რომელსაც ფანჯარა ან აივანზე გასასვლელი კარი აქვს, აუცილებლად სჭირდება ფარდა, რომელიც შემომავალ სინათლეს დააბალანსებს და, ამავდროულად, უცხო თვალისაგან დაიცავს სახლის მობინადრეებს. ფარდების საშუალებით ინტერიერში სივრცის გაზრდა და განწყობის შექმნაა შესაძლებელი. ეს ყველაფერი კი ძირითადად 3 ფაქტორზე - ფერზე, ზომასა და მატერიაზეა დამოკიდებული.

 

ფერი

ფარდებისათვის ფერის შერჩევა, ცხადია, სახლის მეპატრონის გემოვნებაზეა დამოკიდებული. თუმცა, აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, თუ რა ფერებშია გადაწყვეტილი ოთახის ინტერიერი. თუ ოთახის კედლები და მასში განლაგებული ავეჯი სადა და ერთფეროვანია, შესაძებელია მკვეთრი ფერის და ჭრელი ფარდების გამოყენება. ამ შემთხვევაში აქცენტი ფარდებზე გაკეთდება და ძირითად ყურადღებას სწორედ ის მიიქცევს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ოთახი ისედაც ფერადი და გადატვირთულია, უმჯობესია სადა ტონალობის ფარდების გამოყენება, რომელიც ამოვარდნილი არ იქნება ოთახის საერთო სურათისაგან და ზედმეტად არ დატვირთავს მას. კედლის ფერის მქონე ფარდებს იყენებენ იმ შემთხვევაშიც, როდესაც ოთახის ვიზუალურად გაზრდა სურთ. კლასიკური სტილის (ორი გასაწევი ფარდა - თხელი და სქელი), არჩევის შემთხვევაში სასურველია ერთი ფერის განსხვავებული ტონალობების გამოყენება. ამასთან, შესაძლებელია, რომ თხელი ფარდა ერთ ფერში იყოს გადაწყვეტილი, სქელი კი შეიცავდეს ორნამენტებს, რაც ერთდროულად სისადავეს შემატებს ოთახს და გაახალისებს კიდეც მას.

ზომა

ფარდების საშუალებით სივრცის ვიზუალურად გარდაქმნაა შესაძლებელი. პატარა ზომის ოთახის შემთხვევაში, როგორც წესი, სადა ტონალობის მქონე ფარდებს არა ფანჯრის ზომაზე, არამედ მთელ კედელზე კიდებენ. ამ გზით, ერთი მხრივ, ზრდიან, კედლების სიგანეს, მეორე მხრივ კი, ჭერის სიმაღლეს. ფარდები არსებობს გრძელი (რომელიც იატაკამდე წვდება) და მოკლე (ძირითადად, ფანჯრის ზომის). საძინებელში ფარდის ზომის შერჩევა სახლის მეპატრონის გემოვნებაზე დამოკიდებული, სამზარეულოში კი მოსახერხებელია მოკლე ფარდების დაკიდება, რადგან მისი დასვრის საშიშროება გაცილებით ნაკლებია.

მატერია

მატერიის შერჩევისას, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია სინათლის ფაქტორი. მატერიას არჩევენ იმის მიხედვით, თუ რამდენად უნდათ ხელი შეუწყონ/შეუშალონ ოთახში მზის სხივების შემოსვლას. თუ სინათლე დისკომფორტს გიქმნით, მაშინ უმჯობესი იქნება სქელი ფარდების შეძენა, პირიქით შემთხვევაში კი თხელი და ჰაეროვანი ფარდები გამოგადგებათ. ამასთან, უკეთესი იქნება, ფანჯრების მდებარეობის და ჰორიზონტის მხარეების გათვალისწინება.