ფერები გადაჯაჭვულია ჩვენს ემოციებთან და გაცილებით დიდ გავლენას ახდენენ ჩვენს გუნება-განწყობაზე, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფაქტორი. ამიტომ, ფერების სწორად შერჩევა უმნიშვნელოვანესია!
„სახლი ფარდების გარეშე ცარიელია" - ეს ის ფრაზაა, რომელიც ყველა სახლში ერთხელ მაინც გაჟღერებულა, დიახ, სახლი ფარდების გარეშე მართლაც ცარიელია, რადგან ეს უწყინარი „ნაჭერი" მთლიანად ცვლის ინტერიერს, სახლს მყუდროს და უფრო სრულყოფილს წარმოაჩენს.
სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში ჩვენ გეტყვით, რა ფერის ფარდებია ტრენდული 2021 წლისათვის.
მთავარია იპოვოთ სწორი ინსპირაცია და სტილი, რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება თქვენს ხასიათს - ასე შექმნით საკუთარ იდეალურ გარემოს და თავს დააღწევთ დამღლელ რუტინას.
2021 წელს ინტერიერის დიზაინერებმა საბოლოოდ უარი თქვეს ე.წ ყვითელ განათებაზე და ინტერიერში მინიმალისტური ჩარევით აპირებენ სივრცეების განათებას. დიდი ფანჯრების, ნათელი კედლების და რაც მთავარია სწორად შერჩეული ფარდებით!იგი თხელი და გამჭვირვალე ნაჭრით ჩაანაცვლეს.
სქელმა და "მოჩუქურთმებულმა" ფარდებმა ისედაც წლებია, მოდის სამყარო დატოვეს.
1. რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ საფარდე კარნიზი არსებულ ფანჯარას ორივე მხრიდან უნდა გადაცდეს. ეს ხერხი საშუალებას იძლევა, რომ ფარდის სივრცეში აღქმის მასშტაბი გაიზარდოს.
2. სასურველია, ნაჭრის სიგანე ფანჯრის სიგანეზე 2-2.5 ჯერ მეტი იყოს. ქსოვილის ამ პარამეტრებით შერჩევა შეავსებს ინტერიერს და ვიზუალურად უფრო გაალამაზებს ფანჯარას.
3. აუცილებელია, ფარდის სიმაღლე შეირჩეს მაქსიმალურად მაღლა, რის საშუალებასაც იძლევა სახლის ჭერი. საიდუმლო არავისთვის არის, რომ რაც უფრო მაღლა დაიკიდება ფარდა, მით უფრო მაღალი გამოჩნდება ჭერი.
4. ფარდის ქსოვილი ოთახის გარემოსა და ფუნქციის შესაბამისად უნდა შეირჩეს.
5. იმ შემთხვევაში თუ იატაკამდე სიგრძის ფარდა არ მიესადაგება თქვენს ინტერიერს , იდეალური გამოსავალი ამ დროს ე.წ. რომაული სტილის ფარდაა. ის ოთახში განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ქმნის, ფილტრავს მზის სხივებს და ამავდროულად არ უშლის ხელს მის სივრცეში შემოსვლას.
ფარდის გამოყენება ფონადაც შესაძლებელია. იმ შემთხვევაში, თუ ინტერიერში აქცენტი ჭერზე, ან დივნისა და ბალიშების მკვეთრ ფერებზე გადადის, უმჯობესია ფარდა ნეიტრალურ ტონებში შეირჩეს. ხოლო თუ ავეჯი პასტელურ სადა ფერებშია გადაწყვეტილი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია თამამი არჩევანის გაკეთება და სხვადასხვა ჭრელი ქსოვილის გამოყენება. ეს მეთოდი ინტერიერს საინტერესო ხასიათს შესძენს.